ტურები

მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის 11 ტური მოიცავს: • თუშეთის მონახულებას ფეხით ან ცხენით; • ერთ ან რამდენიმედღიან ლაშქრობას. ტურები უზრუნველყოფილია აღჭურვილობით, გიდებით და კვებით.

კესელო - ქუე

13 კმ, 4-5 სთ, საფეხმავლო, მარტივი 

მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, კესელოს ციხე, ეთნოგრაფიული მუზეუმი, შთამბეჭდავი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ნიამორების ნახვისა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობა.მარშრუტი იწყება თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან და სოფელ ზემო ომალოს გავლით მიემართება კესელოს ციხისკენ, აქვეა კულტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (შესვლა უფასოა, თუმცა, იქვე დგას შესაწირი ყუთი) თუშეთის შესახებ მეტად საინტერესო ექსპონატებით. ქუეს მინდვრიდან (სოფელ ომალოსთან ფიჭვნარი ტყით გარშემორტყმული ტერიტორია) შესაძლებელია ნიამორებზე დაკვირვება. მოგზაურობა _სასურველია დღის მეორე ნახევარში, რადგან ქუეს გადასახედიდან ნიამორების დანახვის ალბათობა უფრო მეტად მაღალია საღამოს საათებში (17:00 – 19:00 სთ). აქედან,  ნიამორების გარდა, შესაძლებელია იშვიათი მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველების დანახვა. მარშრუტზე სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ქვემო
ომალოს სათავეზე და სოფელ ზემო ომალოში.
 

ვიზიტორთა ცენტრი

1კმ, 3 სთ, საფეხმავლო, მარტივი 

მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი.

ვიზიტორთა ცენტრი –  სოფელ ქვემო ომალოში. 
დაცული ტერიტორიების აბრიდან ხელმარცხნივ 100 მეტის სავალზე – თუშეთის დაცული ტერიტორიების
ადმინისტრაციული კომპლექსის ფიჭვის ტყით შემოსაზღვრული ულამაზესი შენობა.  გადასახედი – ვიზიტორთა ცენტრის აღმოსავლეთ ნაწილში ხედით სოფლებზე:
ქუმელაურთა, ცოკალთა, ჩიგლაურთა და ხახაბო.
ვიზიტორთა ცენტრში თანამშრომლების დახმარებით დამთვალიერებლები მიიღებენ ინფორმაციას თუშეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, შეძლებენ ტურების დაგეგმვას, სასტუმროების დაჯავშნას, ავტომანქანების, ცხენების და სურვილის შემთხვევაში აღჭურვილობის (კარვები, დურბინდი, სამთო ველოსიპედი) დაქირავებას, ასევე, ტერიტორიაზე მოწყობილი საკარვე ადგილით სარგებლობას. ტურისტების განკარგულებაშია კაფეტერია და კეთილმოწყობილი სასტუმრო ნომრები. 
 

დართლო - კვავლო

25 კმ, 2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, სოფელი დართლო, დართლოს  ეო, კვავლოს ულამაზესი ციხე-კოშკი. მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან, გაივლის სოფელ ომალოს და ეშვება ქუეში − პირიქითის, გომეწრისა და ჩაღმის თემების გასაყარ მინდორზე. აქედან წითელთის ფიჭვნარი ფერდობის საცხენოსნო ბილიკით ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე − საყრილობო ღელეზე. აქედან გზა მიუყვება წყალგამყოფი ქედის ჩრდილო ფერდობს უღელტეხილისაკენ დართლოს მიმართულებით. სოფელი დართლო თუშეთში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი არქიტექტურული ანსამბლითა და საერთო ლანდშაფტით. დართლოდან სამანქანო გზა ადის სოფელ დანოში, იქიდან კი − სოფელ კვავლოში. ბილიკს გადმოჰყურებს კვავლოს პირამიდის ფორმის სახურავიანი კოშკი. სოფელი გაშენებულია კლდოვანი მთის კალთებზე. უბნები დაკავშირებულია ქვით ამოშენებული ბილიკებითა და გაჭრილი გასასვლელებით.
ტურის აღწერა:
დღე I: სოფელი ომალო − ღელე − სოფელი დართლო. მანძილი 12 კმ, ღამის გათევა შესაძლებელია სოფელ დართლოს საოჯახო სასტუმროებში. სოფლის სიახლოვეს მდებარეობს კარვების გასაშლელი ადგილი.
დღე II: სოფელი დართლო − სოფელი დანო − სოფელი კვავლო. სოფელი დართლო − ღელე − სოფელი ქვემო ომალო.
ვიზიტორთა ცენტრი (მანძილი 13 კმ).
 

დაქუეხი

73 კმ, 6 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული
მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი დართლო, შუა საუკუნეების ციხე-კოშკები, პირიქითის ხეობისა და აწუნთის უღელტეხილის  შთამბეჭდავი ლანდშაფტები, საჯიხვეები, ფრინველთა მრავალფეროვნება, პირიქითა ხევსურეთი და მთის არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები − მუცო და შატილი.
მარშრუტი იწყება სოფელ ომალოდან და ძირითადად მიუყვება დართლოსკენ მიმავალ სამანქანო გზას მიუყვება. გზა ადის პირიქითა-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე და შემდგომ პირიქითა ხეობაში ეშვება. დართლოდან გზა პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირს მიუყვება. გირევის შემდეგ საფეხმავლო ბილიკი გადის ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე და მდინარის სათავეებამდე ადის. შემდეგ ბილიკი აწუნთის უღელტეხილზე გადადის, რომელიც
ხევსურეთისა და თუშეთის გასაყარზე მდებარეობს და მისი გავლით ვიზიტორი ხვდება ხევსურეთში. მარშრუტი მთავრდება პირიქითა ხევსურეთის სოფელ შატილში, საიდანაც შესაძლებელია ავტოტრანსპორტით თბილისში დაბრუნება.
მარშრუტის გასწვრივ ცხვრის ბინებია (ჭეშო, თურსიეხი, ლუიბარჩე და საგინწყარო), თუში მეცხვარეების გაცნობა ვიზიტორს წარმოდგენას შეუქმნის მათ ყოფაზე. შესაძლებელია უნიკალური თუშური ყველის დამზადების
პროცესში ჩართვა და ქართული სელექციით გამოყვანილი პირუტყვის ჯიშების გაცნობა: თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარის ძაღლი.
საფეხმავლო მარშრუტის სავარაუდო განრიგი:
დღე 1: სოფელი ომალო − სოფელი დართლო, 18 კმ, ღამის გათევა შესაძლებელია როგორც სოფელ დართლოს საოჯახო სასტუმროებში, ისე კარავში.
დღე 2: სოფელი დართლო − სოფელი გირევი. 13.5 კმ, ღამის გათევა კარავში.
დღე 3: სოფელი გირევი − ქვახიდი. 16.5 კმ, ღამის გათევა კარავში.
დღე 4: ქვახიდი − ხიდოთანი, ღამის გათევა კარავში.
დღე 5: ხიდოთანი − მუცო, ღამის გათევა კარავში.
დღე 6: სოფელი მუცო − შატილი.
 

დიკლო

28 კმ, 1-2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის
მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი შენაქო, ძველი დიკლოს ნანგრევები, შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, თუშური ტრადიციული ლუდის დაგემოვნება.
მარშრუტი ომალოდან იწყება სამანქანო გზით პირიქითა ალაზნის ნაპირამდე. შემდეგ სოფელ შენაქოს გავლით მიემართება სოფელ დიკლოსკენ. მარშრუტის ცხენით გავლა შესაძლებელია ერთ დღეში. ლანდშაფტებისა და სოფლების დინჯად დათვალიერებისათვის რეკომენდებულია მოგზაურობა ღამის თევით.
შენაქო თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ვიწრო ქუჩებითა და ძველი სახლებით. აქვე არის ისტორიული ლუდის სახარში, სადაც ვიზიტორებს ლუდის დაგემოვნების საშუალება ეძლევათ.
XIX საუკუნემდე სოფელი დიკლო ციცაბო კლდეზე,ამჟამინდელი დიკლოდან ორ კილომეტრში მდებარეობდა, რომელიც დაღესტნელების შემოსევის შედეგად განადგურდა. სოფელ დიკლოში ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები, სოფლის მახლობლად შესაძლებელია
კარვების გაშლა. ბილიკზე მოგზაურობისას არ არის გამორიცხული ნიამორების ნახვა, რადგან მარშრუტი ამ ცხოველის საბინადრო ადგილებზე გადის. სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ომალოში, სოფელ შენაქოსა და სოფელ დიკლოში.
დამატებითი ინფორმაცია: მარშრუტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას (შენაქო, დოტკალტოს გადასახვევი და ძველი დიკლო) განლაგებულია მეცხვარეთა სადგომები. მეცხვარის ძაღლებთან მიახლოება არ არის რეკომენდებული.
უკან დაბრუნებისას უმჯობესია ნასოფლარ აგეურთისაკენ გადახვევა, სადაც შემორჩენილია ოდესღაც ხალხმრავალი და ულამაზესი სოფლის ნაშთები.
საფეხმავლო მარშრუტის სავარაუდო განრიგი:
დღე 1: სოფელი ომალო − სოფელი შენაქო − სოფელი დიკლო (მანძილი 14 კმ). ღამის გათევა შესაძლებელია როგორც სოფელ შენაქოს, ისე სოფელ დიკლოს საოჯახო სასტუმროებში; ასევე, შესაძლებელია კარვების გაშლა.
დღე 2: სოფელი დიკლო − აგეურთა − თხილოვანი − სოფელი ქვემო ომალო/ვიზიტორთა ცენტრი (მანძილი 14 კმ).
 

წოვათა


63 კმ, 4 დღე, საცხენოსნო, რთული 
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, სოფელი დართლო და დართლოს საბჭეო, პირიქითა ხეობის მცველი კოშკები, ვერხოვნის სასტუმრო-კოშკი და სოფელ დოჭუს საცხოვრებელი არქიტექტურა.
მარშრუტი იწყება ქვემო ომალოდან, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან. ბილიკი ადის პირიქითა-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე, რაც ოდითგანვეიყო თუშეთის ოთხივე თემის შეკრების ადგილი. ღელედან გზა მიემართება დართლოს მიმართულებით, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი უნიკალური არქიტექტურით. დართლოდან გზა მიუყვება პირიქითა ალაზნის მარცხენა სანაპიროს. შემდეგი სოფელია ჭეშო. სოფელს გაღმიდან გადმოჰყურებს კლდეზე შემდგარი კოშკი ე.წ. „თეთრციხე“. გზა მიდის კლდოვან პლატოზე გაშენებულ სოფელ ფარსმამდე. სოფელში შემორჩენილია სამი დიდი საგვარეულო ციხე-სახლი და პირამიდის ფორმის სახურავიანი კოშკი. ფარსმიდან
მარშრუტი გადის პირიქითა ალაზანზე ნაყაიჩოს უღელტეხილისკენ (2,900 მ ზღვის დონიდან).
ნაყაიჩოდან ბილიკი ეშვება დადიკურთაში, რომელიც, ბოჭორნის მსგავსად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებაა თუშეთში და მდებარეობს ზღვის დონიდან 2,350 მეტრ სიმაღლეზე. შემდეგია სოფელი ვერხოვანი, მის მარჯვნივ კი −  სოფელი წოვათა. გზად პირველი ნასოფლარია  წარო.
სოფლის თავში მოჩანს სამარხი აკლდამები, უფრო მაღლა გორაკზე − ბერი სამებას ჯვარი. აქედან გზა აუყვება წყლის მარჯვენა ნაპირს მაღალი მთებით გარშემორტყმულ წოვათის ველამდე და ნასოფლარებამდე. უკანა გზა გადის სოფელ ვერხოვანზე, სადაც დგას თუშეთის ყველაზე მაღალი კოშკი (17მ). შემდეგ  მოდის  სოფელი ჯვარბოსელი, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი დანარჩენ სოფლებზე − ვეძისხევზე, კოკლათასა და ალისგორზე.
ხითანის ველზე მდებარეობს ხითანის წმინდა გიორგის საგომეწრო-სალაშქრო მფარველი სალოცავი. ხითანიდან გზა მიუყვება გომეწრის ხეობას, საიდანაც მოჩანს გაღმა-გამოღმა მდებარე თუშური სოფლები. სოფელ ბოჭორნასთან გზა ნელ-ნელა ეშვება ქუე-ომალოს მიმართულებით. მარშრუტზე სასმელი წყალი უხვადაა.
მარშრუტის გავლის სავარაუდოგანრიგი:
დღე 1: სოფელი ომალო – სოფელი ჭეშო (18.5 კმ), ღამის გათევა საოჯახო სასტუმროებში ან კარავში.
დღე 2: სოფელი ჭეშო − ნაყაიჩოს უღელტეხილი − წოვათა − სოფელი ვერხოვანი (25 კმ), ღამის გათევა სოფელ ვერხოვნის ან ალისგორის საოჯახო სასტუმროში ან კარავში.
დღე 3: სოფელი ვერხოვანი/ალისგორი − სოფელი დოჭუ (7.5 კმ), ღამის გათევა სოფელ დოჭუს საოჯახო სასტუმროებში.
დღე 4: სოფელი დოჭუ − ქუე − სოფელი ომალო/ვიზიტორთა ცენტრი (12 კმ).
 

გონთა

49 კმ, 3 დღე, საცხენოსნო, რთული
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, უნიკალური ალპური მდელოები, სოფელ დოჭუს საცხოვრებელი არქიტექტურა.
მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან, გაივლის სოფელ ზემო ომალოს და ეშვება ქუეს მინდორზე – პირიქითას, გომეწრისა და ჩაღმის თემების გზაგასაყარზე. აქედან საცხენოსნო
ბილიკი ადის პირიქითა-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე – ღელეზე.
ღელედან გზა მიუყვება წყალგამყოფ ქედს, საიდანაც მოჩანს ორივე ხეობის (პირიქითას და გომეწრის) ულამაზესი ლანდშაფტები. ალპური ზონის გავლით ბილიკი მიდის გონთაიმდე (მაკრატელას ქედი, რომელიც არის პირიქითის და გომეწრის წყალგამყოფი), შემდეგ კი – ნაყაიჩოს უღელტეხილის (ზღვის დონიდან 2,900 მ) მიმართულებით. ნაყაიჩოდან ბილიკი ეშვება დადიკურთაში (ზღვის დონიდან 2,300 მ) და  შედის სოფელ ვერხოვანში, რომელსაც თუშეთის ყველაზე მაღალი კოშკი ამშვენებს. შემდეგია სოფელი ჯვარბოსელი ულამაზესი სოფლების: ვეძისხევის, კოკლათის და ალისგორის ქვეშ.
გზა გრძელდება გომეწრის ხეობის გასწვრივ, საიდანაც მოჩანს აქეთ-იქით შეფენილი თუშური სოფლები. გზად შესაძლებელია ღამის გათევა სოფელ დოჭუში, ტრადიციულად მოწყობილ საოჯახო სასტუმროში. სოფელ ბოჭორნიდან მარშრუტი გრძელდება ქუე-ომალოს მიმართულებით. სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ქვემო ომალოში, გონთაიზე, სოფელ დადიკურთაში, სოფელ ვერხოვანში, სოფელ ბოჭორნაში. გზადაგზა ასევე გვხვდება პატარ-პატარა ბუნებრივი წყაროები.
მარშრუტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას განლაგებულია მეცხვარეების სადგომები.
 

დოჭუ

27 კმ, 2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი დოჭუ, ფიჭვის ტყის ჰაბიტატები, ნიამორის ჰაბიტატი, ალპური მდელოები.
ომალოს „საძახებელი გორიდან“ მიხვეულ-მოხვეული ბილიკი ხახაბოს ჭალაში ეშვება, საცალფეხო ხიდით გადის გომეწრის ალაზანზე და შეუყვება ციცაბო აღმართს სოფელ ხახაბოსაკენ.ხახაბოდან საცალფეხო ბილიკს კეხის გადასასვლელისაკენ მივყავართ, საიდანაც ხელისგულივით იშლება გომეწრის, ჭანჭახოვნის და ჩაღმის ხეობები, თუშური სოფლები.
კეხიდან ბილიკი ეშვება ფოთლოვან ტყეში, გადადის ორწყლის ხიდზე და შეუყვება გოგრულთისკენ. გოგრულთა საალმის მთის აღმოსავლეთის კონცხზე მდებარეობს. 
გოგრულთიდან ბილიკი ეშვება დოჭუს ჭალაში. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე. სხვა სოფლებისგან გამოირჩევა სამსართულიანი აივნიანი სახლებით.
დოჭუდან ბილიკი ზემოთ კვეთს გომეწრის სამანქანო გზას და მიუყვება სახეოს ალპურ ზონას. სახეოდან ბილიკი მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით, სამარხილე გზაზე, გოგორათის გორებისაკენ და ჩადის ღელეზე.
გომეწარ-პირიქითას წყალგამყოფი ქედიდან ხელისგულივით იშლება პირიქითას, ჩაღმისა და გომეწრის ხეობები.
ღელედან ბილიკი მიდის ქვემო ომალოსაკენ, აუყვება ჯერ ზემო ომალოს პლატოს და შემდეგ ქვემო ომალოში ეშვება. მარშრუტზე სასმელი წყალი უხვადაა.
ტურის აღწერა:
დღე I: სოფელი ომალო 
 სოფელი ხახაბო − სოფელი გოგრულთა – სოფელი დოჭუ - 12 კმ. ღამის გათევა შესაძლებელია სოფელ დოჭუს საოჯახო სასტუმროში.
დღე II: სოფელი დოჭუ −  გოგორათა − ღელე − სოფელი ომალო (ვიზიტორთა ცენტრი) 15 კმ.

ორეთი


18 კმ, 1–2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის 
მთავარი ღირსშესანიშნაობები: ორეთის ტბიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები; საინტერესო ფაუნა.
მარშრუტი იწყება სოფელ ქვემო ომალოში ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება სამანქანო გზას სოფელ ქუმელაურთამდე. ქუმელაურთიდან ქვეითი ბილიკი ადის ორეთის ტბაზე. ქუმელაურთის შემდეგ ბილიკზე წყაროები აღარ გვხვდება, ამიტომ აუცილებელია წყლის მომარაგება. ორეთის ტბამდე ცხენით მისვლა და ომალოში დაბრუნება შესაძლებელია ერთ დღეში. ფეხით ლაშქრობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ღამის გათევა ორეთის ტბაზე. ტბასთან ახლოს არის წყარო და საკარვე ადგილი. ორეთის ტბის მიდამოებიდან იშლება ულამაზესი ხედები, საიდანაც მოჩანს თითქმის მთელი თუშეთი. ორეთის
ტბის მიდამოებში ორი ენდემური სახეობა − კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი ბინადრობს. ეს ფრინველები, ჩვეულებრივ, საღამოს და დილის საათებში აქტიურობენ და მათი დანახვა და მოსმენა ამ დროს არის შესაძლებელი. ორეთის ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება ვიზიტორებმა შენიშნონ შველი, ნიამორი, დათვი, იშვიათად − მგელი და ფოცხვერი. მათი ნაკვალევი კი ბილიკზე მრავლადაა.
ტურის აღწერა:
დღე I: სოფელი ომალო − ორეთის ტბა (9.5 კმ), ღამის გათევა კარავში ორეთის ტბის სიახლოვეს.
დღე II: ორეთის ტბა − სოფელი ომალო (8.5 კმ).

სიყვარულის ციხე

8 კმ, 5 სთ, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს ხედები, შერეული ტყის ჰაბიტატი, ფრინველთა
მრავალფეროვნება, სიყვარულის ციხე.
მარშრუტი იწყება სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრიდან და შენაქოსაკენ მიმავალ სამანქანო
გზას მიუყვება. გზა ხეობაში ჩადის და დაღმართზე პირველივე მოსახვევიდან ხელმარცხნივ
საფეხმავლო ბილიკით გრძელდება. შემდეგ იგი მიდის ბეწვის ხიდამდე. მდინარეზე გადასვლის
შემდეგ მარცხნივ უხვევს და ციხის ნანგრევებთან მივყავართ. ამ ადგილს „სიყვარულის ციხეს“
უწოდებენ. ხალხური გადმოცემით, აქ თუ ჩაიფიქრებ სურვილს სიყვარულზე, აუცილებლად
შეგისრულდება. სასმელი წყალი ხელმისაწვდომია ვეძის მიმდებარე ტერიტორიაზე. მარშრუტზე
მოგზაურობისას შესაძლებელია ნიამორების დანახვა და ფრინველებზე დაკვირვება.
 

ომალო - ალაზნისთავი - ხევსურეთი

50 კმ, 3 (სამი) დღე, საცხენოსნო, რთული 
მთავარი ღირსშესანიშნაობები: გომეწრის ხეობის ძველი სოფლები,  დოჭუს არქიტექტურა;
უნიკალური წმინდა არყნარი კორომები,  წითელი წიგნში შეტანილი არყით. ასევე, დეკიანი კომპლექსები, სადაც შესაძლებელია დაკვირვება კავკასიურ როჭოზე. ბორბალოს მთა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჯიხვის გავრცელების არეალია.
მარშრუტი იწყება ადმინისტრაციული შენობიდან ქუესა და მირგველას გავლით, გრძელდება გომეწრის ხეობაში, სადაც შესაძლებელია უძველესი სოფლების მონახულება. მათ შორის აღსანიშნავია დოჭუ, რომელიც თუშური ტრადიციული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. ჯვარბოსელისა და კოკლათის გავლით მარშრუტი გრძელდება ალაზნისთავის მიმართულებით. მტაცებელი ცხოველებიდან ბინადრობს მურა დათვი.
ალაზნისთავის შემდეგ მარშრუტი გრძელდება ბორბალოს მიმართულებით, სადაც შესაძლებელია აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვზე დაკვირვება. ბორბალო წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიის საზღვრის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს, საიდანაც ბილიკი გრძელდება ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით.
მარშრუტზე სასმელი წყალი ხელმისაწვდომია თავიდან ბოლომდე, თუმცა, რეკომენდებულია მცირე მარაგის ტარება.
ტურის აღწერა:
დღე I: სოფელი ომალო − ჯვარბოსელი (22,5 კმ) ღამისთევა შესაძლებელია საოჯახო სასტუმროებში. სოფლის სიახლოვეს ასევე შეგიძლიათ გაშალოთ კარავი.
დღე II: სოფელი ჯვარბოსელი − ალაზნისთავი (20 კმ.). ღამისთევა კარავში.
დღე III: ალაზნისთავი − ბორბალო (7,5). ღამისთევა კარავში.