უკან

თუშეთი

თუ რაჭის მთები, სიმაღლიდან გადმომდგარს, ქვეყნის ბატონ-პატრონად გაგრძნობინებს თავს, ფშავ-ხევსურეთის, თავისი სიდიადით, მოკრძალებულს და ქედმოხრილს გხდის, თუშეთი, მისი მშვენებით, ბუნების, სილამაზის და ზღაპრის ნაწილად გაქცევს. 
მზის ნაწილია თუშეთი, მთებისთვის უჩვეულოდ ნაზი. ერთხელ მნახველს მუდამ უკან გიხმობს. სულში და გულში გრჩება. ძნელად მისადგომი, მაგრამ სტუმართმოყვარე კუთხე, უკიდურესად სუფთაა თუშეთის ბუნებაც და თუში ადამიანიც, უძლიერესი მორალური კოდექსით და მოყვასის სიყვარულით. 
ფიქალით ნაგები თუშური კოშკ-სახლები, დიდი, ჩუქურთმიანი აივნებითა და ხანჯლის წვერით ამოფხაჭნილი წარწერებით, საოცარი სინატიფით ერწყმის თუშეთის ბუნებას –ზამთარში – თოვლიან მთებს, გაზაფხულზე კი – ხალასი სიმწვანით აბიბინებულ მინდვრებს. 
თუ ერთხელ მაინც ხარ მომსწრე მშვენების, რიჟრაჟზე მთების კალთიდან ამომავალი მზის სიდიადის, აღარასოდეს გტოვებს გარშემო მიმოფენილი არომატული კენკრის სურნელი და „ფერგაცრეცილი ყაყაჩოთი“ და სპეტაკი გვირილით მოხატული ფერდობების მონატრება.